Date 18 Dec, 2019
Project Type გამოფენები
``გრადაცია`` ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) და არტისტ უტა ბექაიას ერთობლივი ინსტალაციაა, რომელიც Propaganda.network-ის მხარდაჭერით გაიმართა 2019 წლის 20 ნოემბერს, ტრანს ხსოვნის საერთაშორისო დღეს.

კონცეფცია:

*ქალაქის მზერა - კოლექტიური სათვალთვალო კამერაა - სადამსჯელო თვალი, რომელიც ერთფეროვნების გაპრიალებულ ფასადებს ითხოვს, რათა მისი მზერა არ შეაწუხოს ყოველდღიური ცხოვრებიდან მრავალფეროვნების, პარადოქსულობის და კონტროვერსიულობის კადრებმა. მისი მკაცრი მზერა ჩვენგან მოითხოვს კარგად მოქცევას და არა ჩვენი ინდივიდუალობის, ემოციების და ფიქრების გამჟღავნებას. კარგად მოქცევა ნიშნავს არ ყოფნას, ჩვენი ყოფა მის მზერაში ცარიელ, დაუნახავ ადგილებად აირეკლება.

*საკუთარი ოთახი - ნელ-ნელა თვალი ინვერსიულად ბრუნდება და საკუთარი თავის შემჩნევას იწყებს, რომელსაც აქამდე სათვალთვალო კამერის ფოკუსში ამაოდ ეძებდა. ეს შუალედური სივრცეა კოლექტიურ მზერასა და ჩაბრუნებულ მზერას შორის. საკუთარი ოთახი სიმბოლური აქტია, რომელშიც კავშირი უნდა შედგეს საკუთარ თავთან, რომელშიც ყველა ნივთი, ტანსაცმელი, ატრიბუტი და რიტუალი ერთიანდება და ჩნდება პირობები, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ შევხედოთ ჩვენს შინაგან არსს, გარე დამკვირვებელი კოლექტიური თვალის გარეშე.

*ჩაბრუნებული მზერა - თვალი იწყებს სიბნელესთან შეჩვევას, კონტურები - გამოკვეთას, შენი თავი სრული სისავსით წარმოჩნდება შენივე მზერის წინაშე, რომელიც გათავისუფლდა კოლექტიური (თვალ)თვალისგან. ეს მზერა ახლა მხოლოდ შენია და შენც, საკუთარი თავის წინაშე მდგომი, შეჰყურებ მას ქვემოდან ზემოთ - შენზე ბევრად მაღალს, დიდს და ძლიერს.

აღარ აქვს მნიშვნელობა შენს არცერთ იდენტობას, რომელიც აქამდე გარე მზერისთვის შექმნილა, თუმცა შენ შეგიძლია გაიხსენო, რას ძერწავდა შენგან ეს მზერა წინა ოთახებში, ქალაქის ქუჩებში, კოლექტიური თვალისთვის.

“გრადაცია” არის თვალის მოძრაობა გარედან შიგნით, სადაც კოლექტიურმა სათვალთვალო კამერამ მზერა ჩააბრუნა და საკუთარი თავი გაარჩია.``

მედია დაფარვა:

Tbilisi Pride - https://www.facebook.com/watch/?v=2992410314121464

Netgazeti - https://www.facebook.com/watch/?v=281277972774137

WISG - https://www.women.ge/ka/news/events/263/

LESBI - https://lesbi.ge/ka/campaigns/trans/i1212/გრადაცია---ინსტალაცია-ტრანს-ხსოვნის-დღისთვის/