Date 02 Aug, 2020
Project Type კვლევა და განათლება

სტაჟირების პროგრამა მკვლევართათვის | თანამედროვე ხელოვნების არქივი – თბილისი

ვებ-პრეზენტაცია:

რა არის თანამედროვე ხელოვნების არქივი – თბილისი?

www.archive.propaganda.network 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია შეაგროვოს და სისტემატიზირებული სახით ფართო საზოგადოებას გაუზიაროს მულტიმედიური ინფორმაცია ქართული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მემკვიდრეობის შესახებ.

მოცემული მდგომარეობით პლატფორმაზე განთავსებულია:

  • 129 ხელოვანის პროფილი და შესაბამისი ინფორმაცია 3,635 ნამუშევარზე;
  • მულტიმედიური ინფორმაცია 96 სახელოვნებო ღონისძიების შესახებ;
  • 1970-იანების დეკადის მიმოხილვითი მონოგრაფია;
  • 5 პირადი არქივი;
  • 12 ვიდეოინტერვიუ.
  • ამასთან, არქივს აქვს „გაგრძელება“ – “აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა”, რომელიც აერთიანებს ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში შექმნილ აკადემიურ ნაშრომებს.

რა არის სტაჟირების პროგრამის მიზანი?

[1] ონლაინ პლატფორმის – „თანამედროვე ხელოვნების არქივი – თბილისი“ www.archive.propaganda.network გამდიდრება, აქცენტით შემდეგი სექციების შიგთავსზე: ხელოვანთა პროფილის გვერდები; „პროცესის“ მულტიმედიური ველი და „პირადი არქივები“.

სტაჟიორთათვის: [2] ინფორმაციის შეგროვების, კლასიფიცირების და სისტემატიზაციის უნარების ამაღლება; [3] ციფრულ განზომილებებში ოპერირების გაძლიერება;

[4] კვლევითი ინტერესებიდან გამომდინარე, ახალი ცოდნის შექმნა.

ვის შეუძლია აპლიკაციის წარმოდგენა?

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტს, რომელთა კვლევის საგანს თანამედროვე ხელოვნება და, ზოგადად, კულტურა წარმოადგენს.

რა არის სტაჟიორის უმთავრესი საქმიანობა?

  • ხელოვანებთან, ხელოვნების პროფესიონალებთან (ისტორიკოსები, კურატორები, მენეჯერები) ინტენსიური კომუნიკაცია და შედეგად, მულტიმედიური ინფორმაციის (ტექსტი, ფოტო/ვიდეო) მოძიება, აღწერა, სისტემატიზაცია და ონლაინ პლატფორმაზე განთავსება;
  • არქივის პრეზენტაციის საორგანიზაციო საქმეში ხელშეწყობა (ოქტომბერი, 2020).

როგორია სტაჟირების (სამუშაო) განაკვეთი და ანაზღაურება?

Propaganda.network ხელს უწყობს ყველა სტაჟიორს, რათა მათ ჰქონდეთ სათანადო დრო აკადემიური მოსწრებისთვის; მეტიც, პრიორიტეტულია იმ პირთა დასაქმება სტაჟირების პროგრამაზე, რომელთათვისაც არქივზე მუშაობა მათი აკადემიური კვლევითი საქმიანობის გამაძლიერებელია.

განაკვეთი: 10 – 12 სთ. /კვირა

ხანგრძლივობა: 22/08 – 02/12/2020

პროგრამის ფარგლებში მიღებული ფინანსური სარგებელი: 1,000.00 ლარი, საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის ჩათვლით.

როგორ წარვადგინოთ განაცხადი?

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მოგვაწოდოთ CV და სამოტივაციო წერილი, აქცენტით კვლევის მიმართულებაზე (მაქს. 250 სიტყვა) შემდეგ ელ. მისამართზე: archive@propaganda.network.

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 15/08/2020

2020 წელს „თანამედროვე ხელოვნების არქივი – თბილისი“ მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოებული კონკურსის – „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში“ – ფარგლებში.