Date 13 Jul, 2020
Project Type გამოფენები

მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი

2020 წლის 6 ივლისიდან, 2 თვის განმავლობაში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იქნება გამოფენილი ქართველი მოდერნისტი მხატვრის, იოსებ გაბაშვილის (1908-1973) შემოქმედება, შეძლებისდაგვარად სრული სახით. გამოფენა აერთიანებს ოთხი ათწლეულის განმავლობაში - 1920-იანი წლებიდან 1950-იანი წლების ჩათვლით, სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ავტორის 200-მდე ნამუშევარს: ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, კინოსა და თეატრის მხატვრობა.

იოსებ გაბაშვილი მოდერნისტი მხატვრების მეორე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც გასაბჭოების პირველ პერიოდში - 1920-იან წლებში დაიწყო მუშაობა. 1910-იანი წლების თბილისური ავანგარდი ამ დროს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ხელოვანთა შემოქმედება ერთი მხრივ კონტროლირებადია, მეორე მხრივ კი თითქოს შენარჩუნებული აქვს თავისუფლება. ის რომ მალე «დუმილის პერიოდი» დაიწყება, უკვე 1920-იანი წლების მიწურულს გამოჩნდება. 1930-იანი წლები, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, ამ ტენდენციას მკაფიოდ დაადასტურებს.

გამოფენა „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი“ მიზნად ისახავს, მხატვრის, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი, სახელოვნებო მემკვიდრეობის წარმოჩენას, მისი შემოქმედების მოდერნისტულ კონტექსტში შესწავლის ხელშეწყობას და ამდენად, თავად ქართული სახვითი მოდერნიზმის საზღვრების გაფართოების პროცესის დაწყებას.

გამოფენის კურატორი: ნანა ყიფიანი
თანაკურატორი: ლია ბაგრატიონი
ექსპოზიციის ავტორი: ლევან ჭოღოშვილი

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია: თბილისის მერია / Tbilisi City Hall და TBC - თიბისი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 6 ივლისი - 12 სექტემბერი, 2020
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11