Date 20 May, 2019
Project Type გამოფენები

ჩვენება: ანდრო ვეკუას “ყველაფერი გამართლებულია სიზმრებსა და ომში”

19 მაისს, Sprüth Magers - თან და Gladstone Gallery-თან კოლაბორაციაში, პროპაგანდამ საქართველოში პირველად აჩვენა ანდრო ვეკუას ნამუშევარი, “ყველაფერი გამართლებულია სიზმრებსა და ომში“. 5 წუთიანი ვიდეო პროექცია ერთი დღის განმავლობაში ყოფილი „კინოს სახლის“ ლურჯ დარბაზში ტრიალებდა. არტისტის გადაწყვეტილებით, ღონისძიება სპონტანურად, ორი დღით ადრე ოფიციალურად დაანონსდა, მანამდე კი ქალაქის მასშტაბით ვეკუას იგივე სახელწოდების გრაფიკული ნამუშევრები უთარიღო აფიშების სახით გაიკრა.

ჩვენებას ქუნსთჰალე ციურიხის კურატორის, დანიელ ბაუმანის ტექსტმა გაუკეთა შესავალი:

``ანდრო ვეკუას შემოქმედება გამალებით მოილტვის ჩვენკენ, მაგრამ ამავდროულად ხელიდან გვისხლტება. მაყურებელი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებას შორისაა მოქცეული და შედეგად იგრძნობა დაძაბულობა, რომლისგან თავის დაღწევაც იოლი არ არის. ამ ფაქტს ვეკუას შემოქმედების ხარისხისა და ინტენსივობის მხოლოდ მცირე ნაწილი შეგვიძლია მივაწეროთ. უდიდესი წვლილი არტისტის ვიზუალური თხრობის მანერას და კადრების საპირისპირო განლაგების შედეგად წარმოქმნილ წყალქვეშა დინებას მიუძღვის. ამ მორევის მთავარი გამწევი ძალა ნარატივია და ბუნებით სინემატიკური, თუმცა მისი ფილმები მნიშვნელოვნად იხრება აბსტრაქციისკენ.

მაგალითად, ვეკუას ბოლო ფილმი, “ყველაფერი გამართლებულია სიზმრებსა და ომში” (2018). ფილმის ხანგრძლივობა ხუთ წუთზე ოდნავ მეტია და ის ჩვენს თვალწინ ცენტრალური კომპოზიციის (ან უფრო რორშახის ტესტის) მსგავსად ვითარდება. ფილმის ცენტრალური ღერძი პალმის ალმოდებული ხეა, რომელსაც 1:54-დან 3:14 წუთამდე ცენტრალური პოზიცია უკავია. ეს ერთადერთი (და ყველზე გრძელი) ერთიანი კადრია, რომლის გარშემოც “მდე” და “შემდეგ” მიმდევრობები თანმიმდევრულად, “მარცხნივ” და “მარჯვნივ” ვითარდება. “მდე” (ან მარცხნივ) ვხედავთ მთვარეს, ცას, თოლიებს, პალმებს, მანქანებს, ქალაქს, ცეკვას, ბუნებას, წყალს. “შემდეგ” (ან მარჯვნივ) ვხედავთ ქალაქს, აზარტულ თამაშებს, მოძრაობას, წყალს, ცას, ღამეს, დროს, ქალაქს, სიბნელეს. ამ ერთგვარ ტრიპტიქში ერთიანი ხაზი და მრავალფეროვნება ბერლინელი მუსიკოსის, იორგ ჰილერის ლითინოსებრ ხმოვანებას შემოაქვს.

ერთი შეხედვით “ყველაფერი გამართლებულია სიზმრებსა და ომში” ილუზორული, მელანქოლიური სურათია. თუმცა, ფილმის ნამდვილი არსი მის სიმეტრიაში იმალება: იმაში, თუ როგორ ჯგუფდება “მდე” და “შემდეგ” “ახლას” გარშემო, როგორ ქმნის წარსულის და მომავლის შეხვედრა სივრცეს სახელად აწმყო, რომელიც, პალმის ხესავით, ყოველთვის იწვის. ამ ყველაფრის გადმოცემას “ყველაფერი გამართლებულია სიზმრებსა და ომში” სულ რაღაც ხუთ წუთში ახერხებს``.