Date 24 Dec, 2018
Project Type გამოფენები

თიკო იმნაძე “სამთო დარტყმა”

17-19 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, მოეწყო თიკო იმნაძის სოციალური ინსტალაცია - „სამთო დარტყმა“. საზოგადოებრივ სივრცეში მხატვრული ინტერვენცია ტყიბულის მაღაროში დაღუპულთა ტრაგედიას ეხმიანება და მისი მიზანი, აღნიშნულ საკითხზე მეხსიერების გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2007-2016 წლებში, საწარმოო ტრავმების შედეგად საქართველოში დაიღუპა 414, ხოლო მძიმედ დაშავდა 717 ადამიანი.
2017 წელს, საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი. ტრაგედიების ერთ-ერთი ეპიცენტრი ტყიბულის მინდელის შახტაა. 2018 წლისათვის, შახტაში დაღუპულთა რიცხვმა 23-ს მიაღწია.
მეშახტეთა უმრავლესობა საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად რისკავს, რადგან მინდელის შახტაში მუშაობა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ლოგიკურია დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადარჩნენ ეს ადამიანები. ადამიანები, ვისთვისაც შახტაში ჩასვლა თვითგადარჩენის ერთადერთი გზაა, თანაც იმ მოცემულობაში, სადაც თავად დამქირავებელი კომპანიები და სახელმწიფო არასათანადო ყურადღებას უთმობს შრომითი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო პირობების საკითხებს.
შრომის ინსპექცია 2006 წელს გაუქმდა. 2015 წელს ის განახლდა, თუმცა მხოლოდ ფორმალურად, რადგან მას კვლავ არ გააჩნია ეფექტური მუშაობის ბერკეტები.

თიკო იმნაძის ინსტალაცია “სამთო დარტყმა” შესრულებულია გაფანტული ხისგან, რომლებიც ნახშირით, ე.წ “მეტალის ბურბუშელით” არის დამუშავებული. მასალა მოპოვებულია ელიავას ბაზრობის, ელმავალმშენებლის, წერეთლის რკინის გზის საამქროში. ნახშირს, როგორც მასალას, ავტორისათვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც ნგრევასთან და დანაკარგთან ასოცირდება. შესაბამისად, ყოფილი რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში განლაგებული ფიგურები ზემოთგანხილულ პრობლემას ეხმიანება და ის საჯარო სივრცეში, ყველასთვის ხილულ ადგილას გადააქვს.

პროექტი განხორციელდა „პროპაგანდას” და „ფაბლაბ ტექნოპარკის“ 2018 წლის ღია სახელოსნოს კონკურსის ფარგლებში.

მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევების არასრული სია:

2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის შახტაში აფეთქების შედეგად 4 მეშახტე დაიღუპა.
2010 წლის 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 მეშახტე დაიღუპა, ხოლო 7 მძიმედ დაშავდა.
2011 წლის 6 ნოემბერს, კვლავ ტყიბულში, კვლავ მინდელის შახტაში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 2 მეშახტე დაიღუპა.
2011 წლის 22 იანვარს, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი მეშახტე, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.
2013 წლის 13 ოქტომბერს, მინდელის შახტში, მიკროსამთო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
2015 წლის თებერვალში ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე, 1 მუშა დაიღუპა.
2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის შახტაში 1 გარდაცვლილი მუშა იპოვეს.
2017 წლის 7 მაისს, ტყიბულში, მინდელის შახტში, 4 ადამიანი დაიღუპა, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.
2018 წელი, 5 აპრილი - მინდელის შახტაში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე.