Date 30 Mar, 2019
Project Type Extern

ახალი საგანმანათლებლო პროგრამა თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან ერთად

„პროპაგანდამ“ ახალი პლატფორმა შექმნა სახელოვნებო განათლების გაძლიერებისა და კრიტიკული მსჯელობის პოპულარიცაზიისთვის. პირველი პრეცედენტი თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით შედგა და აქტიურად მიმდინარეობს პარტნიორობის ფარგლებში.

„ექსტერნი“ კოლექტიური კითხვისა და მსჯელობის ჯგუფებია. ეს საქართველოში არსებული საგანმანათლებლო აქტივობების ალტერნატივის შექმნის მცდელობა. სახელოვნებო ინდუსტრიაში მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალებს, მზარდ არტისტებსა და კურატორებს საშუალება ექნებათ თანამედროვე იდეებსა და სააზროვნო მიმართულებებზე ერთობლივად მოახდინონ რეფლექსია და ერთმანეთს მსჯელობის რეჟიმში გაუცვალონ ცოდნა და ინფორმაცია. „ექსტერნი“ კოლექტიური თვით-განათლების თანასწორი და ცოცხალი პროცესია.

კითხვის სესიებს ორგანიზაციის მიერ გამართული ახალი სამხატვრო სახელოსნოები უმასპინძლებს. თეორიული საფუძველის გაძლიერების გარდა, პლატფორმის მიზანია აღმოაჩინოს თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები, მისცეს მათ წვდომა შემოქმედებით პროცესზე და არსებული სახელოვნებო ქსელი ახალი წამოწყებებითა და კავშირებით გააფართოვოს. კითხვის ჯგუფები საგნებად იყოფა. თითოეულის პერიოდიკა კვირაში 2 დღეა და სრულად 3 თვეს მოიცავს. კითხვის თითო სესიას დარგში გამოცდილი პედაგოგი, სპეციალისტი ან მკვლევარი უწევს მოდერაციას. „ექსტერნის“ პირველი ორი ციკლია კრიტიკული თეორია და თანამედროვე ხელოვნების ანალიზი. დისკუსიები უახლესი სახელოვნებო ლიტერატურის ან თანამედროვეობისთვის საკვანძო ტექსტების გარშემო გაიმართება, ესენია: ვალტერ ბენიამინი „ ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში;“ ჰიტო შთეიერლი „უბაჟო ხელოვნება - ხელოვნება პლანეტარული სამოქალაქო ომის ერაში;“ჰანს ბელტინგი „ ხელოვნების ისტორიის დასასრული“ ჯგუფის მოდერატორები არიან ქეთევან შავგულიძე, ხელოვნების მკვლევარი, ისტორიის პედაგოგი და კრიტიკოსი და დავით კოროშინაძე, მკვლევარი, არტისტი და ესეისტი.