Date 23 Jul, 2018
Project Type გამოფენები
თამაში ჰინომის ველზე

პროპაგანდა წარმოგიდგენთ პროექტს – “თამაში ჰინომის ველზე”, რომელიც არტისტ – შოთიკო აფციაურის კოლაბორაციაა სოფელ ერგნეთის „2008 წლის აგვისტოს ომის“ მუზეუმთან.

ომის შემდეგ, საოკუპაციო საზღვრისპირა სოფელ ერგნეთის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა – ლია ჩლაჩიძემ, საკუთარი ინიციატივით, დაიწყო ომის კვალდამჩნეული ობიექტების შეგროვება (ბომბების სიმხურვალისგან დამდნარი ბოთლები, გარდაცვლილი ჯარისკაცის ტანსაცმელი, გამურული, ნახევრად დამწვარი აკვანი, სხვა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და ა.შ). ამ ქალბატონმა, სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად, ამ ნივთებს ბომბებისგან დანგრეულ მარნის ნარჩენ კედლებში მოუყარა თავი და „2008 წლის ომის მუზეუმი“ დაარქვა.

ეს მუზეუმი საოკუპაციო საზღვრიდან 50 მეტრშია. 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით მუზეუმმა შედარებით გამართული სახე მიიღო.

მუზეუმთან კოლაბორაციის ფარგლებში, არტისტი ექსპონატებს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის 52 ნომერში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე უყრის თავს. გამოფენის გახსნა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღესაა, რომელიც რუსეთში ტარდება… ჩემპიონატის, რომლის პარალელურადაც საქართველოს “საზღვრისპირა” სოფლებიდან ისევ უკვალოდ იტაცებენ ადამიანებს.

„თამაში ჰინომის ველზე“ სააზროვნო სივრცეა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციულ ერაში სქროლვაში ჩაკარგულ და იგნორირებულ საკითხებზე.

ამ ნამუშევრით, არტისტი ქმნის გამოცდილებას, სადაც მნახველი ნამუშევრის ნაწილი ხდება და საშუალება ეძლევა აღიქვას „თამაში“ მთელი თავისი სიმძაფრით.

ინსტალაცია, ერთი მხრივ, არტისტის კომენტარია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე მხრივ კი, აქტუალურს ხდის და სხვა კონტექსტში აქცევს „2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს“ და საოკუპაციო საზღვრისპირა სოფლების პრობლემებს.