Date 04 Apr, 2019
Project Type გამოფენები

გამოფენა “Shipwreck” („გემის ჩაძირვა“)

20 მარტს სასტუმრო სტამბის D ბლოკში გოეთეს ინსტიტუტმა საქართველოში და სახელოვნებო ორგანიზაციამ „პროპაგანდა“ ერთობლივი გამოფენა გახსნეს.

გამოფენა “Shipwreck” („გემის ჩაძირვა“) ემიგრაციის, მიგრაციის, დევნილობის, იძულებით გადაადგილებისა და უთანასწორობის თემებს ეხმიანება და უახლესი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ისტორიის მხატვრულ ანალიზს გვთავაზობს. ექსპოზიციაში მონაწილე არტისტები აზერბაიჯანიდან, კანადიდან, გერმანიიდან და სენეგალიდან ქართველი არტისტების მიერ სპეციალურად შექმნილი ნამუშევრების გვერდზე გამოიფინა. ღონისძიება
20 აპრილამდე გაგრძელდება.

თავდაპირველად გამოფენა სახელწოდებით „Gericault‘s shipwreck revisited“ (``დაბრუნება ჟერიკოს გემის ჩაძირვასთან``), ალფონს ჰუგისა და ასლი სამადოვას კურატორობით, 2018 წელს ბაქოს გოეთეს ცენტრში გაიმართა და მასზე წარმოდგენილი იყო ომარ ვიქტორ დიოპის, ადად ჰანას და მარსელ ოდენბახის, არჟან მარტინსისა და სიტარა იბრაჰიმოვას ნამუშევრები.

თეოდორ ჟერიკო მე-19 საუკუნის ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი „მედუზას ტივი“ რომანტიციზმის საკულტო ნამუშევარია და პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ტრაგედიას ასახავს. გამოფენის თემატური ხაზი და სათაური სწორედ ამ ნამუშევრითაა შთაგონებული.

თბილისში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდას“ მიერ წარმოდგენილი გამოფენა სახელწოდებით “Shipwreck” კი ქართული კონტექსტის დამატებით ამ თემის ერთგვარი გაგრძელება და სხვადასხვა ამბების განსხვავებული პერსპექტივებიდან მოყოლის მცდელობაა.

მონაწილეობენ: გიო სუმბაძე, ნინო საკანდელიძე, შოთიკო აფციაური, თამარ ბერიანიძე, ნათელა გრიგალაშვილი, თამარ ნადირაძე, ნინო ქვრივიშვილი, ანნა ძიაპშიპა, ელენე გაბრიჩიძე, ზურა ცოფურაშვილი, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, სიტარა იბრაჰიმოვა, ომარ ვიქტორ დიოპი, ადად ჰანა და მარსელ ოდენბახი.

ფოტომასალა: ანკა გუჯაბიძე გოეთეს ინსტიტუტისთვის