ჯერ კიდევ 2012 წელს, პროპაგანდას დამაარსებელმა საინიციატივო ჯგუფმა საფუძველი ჩაუყარა „თანამედროვე ხელოვნების არქივის“ პროექტს (ზაზა დარასელის ფონდის მხარდაჭერით), რომლის მიზანიც იყო სისტემური სახით წარმოედგინა ინფორმაცია ქართული თანამედროვე (ვიზუალური) ხელოვნების მემკვიდრობის შესახებ. არქივის, როგორც სხვა სახელოვნებო პროექტების წარმატებულად განხორციელება, მხოლოდ მოგვიანებით, აჭარა ჯგუფის ხელშეწყობით, 2017 წელს, ორგანიზაციის ოფიციალურად დაფუძნების შემდეგ გხადა შესაძლებელი.

ტრადიციულ საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობამ, შემოქმედებითი ინდუსტრიების განუვითარებლობამ, განათლებისა და დამოუკიდებელი არტისტებისათვის მუდმივი სამუშაო სივრცეების სიმწირემ პროპაგანდა, როგორც სახელოვნებო ორგანიზაცია, ფართო გამოწვევების წინაშე დააყენა - საჭირო გახდა სხვადასხვა პროგრამის ინიცირება, რომელიც ხელს შეუწყობდა არსებული კულტურის აქტივების გაერთიანებასა და დაუცენზურებელი, ცოცხალი დიალოგს წარმოებას.

პროპაგანდა ინერციული სვლიდან ამოსვლასა და გამბედავ, თამამ, გადაუდებელ მოქმედებას ნიშნავს. პროპაგანდა თავისუფალი და ზრდადი ქსელია, რომელიც თვითგამოხატვის სტიმულსა და შემოქმედებითი თავისუფლების ღირებულებებს „სასწრაფო წესით“ და ხმამაღლა ავრცელებს.

ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანებია ადგილობრივი სახელოვნებო სცენის განვითარება, თანამედროვე ხელოვნების ინდუსტრიის შექმნაში წვლილის შეტანა და მსოფლიოში არსებული აქტუალური გამოცდილებების ათვისება. საერთაშორისო სახელოვნებო ინსტიტუციებისა და მათ პოლიტიკურ სტრატეგიებზე მედიტაცია, მათი პრინციპების გააზრება და ადგილობრივ, უნიკალურ სივრცეზე მორგება. ხელოვნების კრიტიკის, კურატორული შრომის გააქტიურება და შესწავლა. თავისუფალი სახელოვნებო სივრცეების შექმნა, ადგილობრივი არტისტების ხელშეწყობა, აღმოჩენა და მათთვის არსებულ რესურსებზე წვდომის გახსნა. საბოლოოდ კი, მოსახლეობაში შემოქმედებითი ცნობიერების ამაღლება და კულტურული ცხოვრების გააქტიურება.

პროპაგანდას მიაჩნია რომ დღეს თბილისი, როგორც გეო-პოლიტიკური სივრცე, იდეალურად ირეკლავს საერთაშორისო მოვლენებს და ამავდროულად, მათთან თვითდადგინებაში სრულიად ახალ მითებს, ნიშან-სისტემებსა და არტეფაქტებს ქმნის, ამიტომ ჩვენი მთავარი შემოქმედებითი ინტერესები კვლევაზე დაფუძნებული, საზოგადოებრივად ჩართული და ინტერდისციპლინური პროექტებია, რომლებიც მაქსიმალურად აირეკლავს ყოველდღიური ცხოვრების ასპექტებს და ჩვენი „დროის სულზე“ დაკვირვებით, ინოვაციურ შინაარსებს შექმნის.
პროპაგანდას აინტერესებს ხელოვნება, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აღიარებულ სახელოვნებო გრამატიკას და შემოქმედებითობის არსს თავიდან იაზრებს, იქნება ეს ტრადიციული თუ ახლადშექმნილი ხელობები... მეცნიერება, ტექნოლოგია, ეკო-პოლიტიკა თუ საზოგადოებაში წარმოქმნილი ნებისმიერი წეს-ჩვეულება.

დღეისათვის პროპაგანდა 10 თანამშრომელს, 6 პროგრამას, 50-მდე მხარდაჭერილ და ინიცირებულ პროექტს და დამოუკიდებელ პროფესიონალებსა თუ ინსტიტუციებთან ადგილობრივი და საერთაშორისო ინტერდისციპლინური თანამშრომლობის დიდ გამოცდილებას აერთიანებს.

დეტალური ინფორმაცია პროგრამებისა და პროექტების შესახებ, იხ. სექციაში - „პროგრამა“.