Date 02 Feb, 2018
Project Type გამოფენები

“My silent response is your blind guide”

``My silent response is your blind guide`` ანდრო ერაძის პროექტია, რომელიც პირადი გამოცდილების გადააზრებითა და გასაჯაროებით, მიზნად ისახავს, დასვას შეკითხვები წარსულის მნიშნვნელობასთან მიმართებაში, გამოიკვლიოს მცდარი მეხსიერების ფენომენი და კავშირები მეხსიერების სხვადასხვანაირ გამოვლინებებს შორის.

პროექტი განხორციელდა ააიპ ``პროპაგანდას`` სრული მხარდაჭერით, სახელოსნოს ღია კონკურსის ფარგლებში. გამოფენა 23 ოქტომბერს გაიხსნა და 3 კვირის განმავლობაში ღია იყო დამთვალიერებლისთვის.

გამოფენის გახსნაზე მოეწყო ანდრო ერაძის წიგნის - ``to all those untitled events`` პრეზენტაციაც. წიგნის შეძენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი. ``To all those untitled events`` დაიბეჭდა TBC ბანკის მხარდაჭერით.

განსაკუთრებული მადლობა 'არტარეა გალერეას' საგამოფენო სივრცის დათმობისთვის.

გამოფენის კონცეფცია:

ადამიანის იდენტობის განსაზღვრაში მეხსიერებას ძირითადი ადგილი უჭირავს. გამოცდილება და მოგონებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მომხდარ მოვლენების შესახებ, ქმნიან საფუძველს ადამიანის უნიკალური იდენტობის ჩამოყალიბებისთვის.

მოგონება, რომელიც ჩვენ ამა თუ იმ მოვლენაზე გაგვაჩნია, იცვლება ყოველ ჯერზე, როცა მას ვიხსენებთ. ჩვენი გონება დავიწყებულ დეტალებს გამოგონებულით ავსებს და დროთა განმავლობაში, ზოგიერთი მოგონება სინამდვილის ჩვენს მიერ შექმნილი სიმულაცია ხდება. მსგავს შემთხვევებში, ძნელი მისახვედრია ნამდვილად პირად გამოცდილებასთან გვაქვს საქმე, სხვის მოყოლილთან, სიზმარში ნანახთან, დანახვისთანავე არასწორად ინტერპრეტირებულთან თუ თავიდანვე არარსებულთან - გამოგონილთან.

ახალი მედიების საუკუნეში, როცა ინფორმაციას ვიღებთ მაშინაც კი, როცა არ ვართ განწყობილები მის მისაღებად, კიდევ უფრო რთულდება მოგონებების შენახვა. ჩვენს მიერ დანახული რეალობა, შესაძლოა უკვე სხვის მიერ, განზრახ ან უნებლიედ, იყოს ინტერპრეტირებული და ჩვენმა გონებამ თავიდანვე შეცვლილი სინამდვილე აღიქვას და დაიმახსოვროს.

ტექსტის ავტორი: ანა გაბელაია

2.jpeg