Date 12 Feb, 2019
Project Type გამოფენები

Water and everything resistant _ Tbilisi Architecture Biennial

Water and everything resistant ადგილ-სპეციფიკური ნამუშევარია, რომლის კონცეფციის დიდ ნაწილს ექსპოზიციის შენობა წარმოადგენს.

დასაწყისში საბავშვო ბაღისთვის დაპროექტებული ნაგებობა მხოლოდ ნახევრად აშენდა და დღეს, მისი გადახურული ნაწილი ორი ოჯახის თავშესაფარია. შენობის სტრუქტურა თხუთმეტი ღია და რვა დახურული ექვსკუთხედისგან შედგება, რომლებიც უჯრედებივით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. მათი ასეთი კონფიგურაცია იძლევა საშუალებას, რომ ექსპოზიცია თემებად დაიშალოს, თუმცა მათ შორის კავშირი არ გაწყდეს. პროექტის Water and everything resistant მთავარ მედიას წარმოადგენს სკულპტურები, რომლებიც საყოფაცხოვრებო და სხვა გარემოდან ამოღებული ნივთებით იქმნება. გამოფენის დასრულების შემდეგ, სკულპტურები იმავე სივრცეში დარჩება და შენობის მკვიდრები შეძლებენ მათი პირვანდელი დანიშნულებით გამოყენებას.

ლადო ლომიტაშვილი დაიბადა 1994 წელს, თბილისში, სადაც იგი ცხოვრობს და მუშაობს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. არქიტექტურა, მისი მნიშვნელობა და, ზოგადად, სივრცითი აზროვნება, ლომიტაშვილის აბსტრაქტული ნამუშევრების განხორციელებაში ძირითად როლს ასრულებს. ნამუშევრების კონსტრუქციულ გადაწყვეტილებები და ადგილმდებარეობა ლომიტაშვილის ნამუშევრებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან, უმეტესწილად, ფიზიკური ფორმა და ლოკაცია მინიშნებაა ნამუშევრის კონცეფტუალურ ჩანაფიქრზე.

აღსანიშნავია არტისტის ურთიერთობა მასალასთან და მედიუმებთან, რომლებსაც მუდმივად ცვლის. ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის დომინანტური ნამუშევრისთვის: ფერი, ფორმა, მასშტაბი თუ მდებარეობა.

ნამუშევარი გამოიფინა თბილისის არიტექტურის ბიენალეს ფარგლებში. ნამუშევრის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროპაგანდას მხარდაჭერით.