ანა ჩადუნელი სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება

2018 წლის 20 დეკემბერს Propaganda Network-მა TBS Status-ის მხარდაჭერით სასტუმრო STAMBA-ში წარმოადგინა ანა ჩადუნელის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით „სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება“.
გამოფენამ ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სერიისთვის შექმნილი ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრები გააერთიანა, მათ შორის თამარ ჩადუნელთან კოლაბორაციით შექმნილი ვიდეონამუშევარიც.

ანა ჩადუნელის შემოქმედებაში იქმნება ვირტუალური გარემო: დეკონსტრუირებული ობიექტები სივრცეში იფანტებიან. აბსტრაქტული წარმონაქმნები, ერთი მხრივ, ყოფით საგნებს მოგვაგონებენ, მეორე მხრივ კი დამოუკიდებლად არსებობენ, ყოველდიურობასთან ყოველგვარი შინაარსობრივი კავშირის გარეშე.

საკუთარ ნამუშევრებში, ანა იკვლევს ციფრულ და ანალოგ მატერიებს შორის სხვაობას. მსუბუქი ფერწერული და გრაფიკული მანევრირებით იქმნება პორტალი, რომლის მცდელობაც გამოსახულების სამგანზომილებიან, აბსტრაქტულ სივრცეში გადატანაა, ჯერ კიდევ მოუსინჯავი შეგრძნებების მოხელთების სურვილი, სადაც გაფანტულ რეალობებს შორის დეზორიენტაცია დასაშვებია.

ანა ჩადუნელი საქართველოში, რუსთავში დაიბადა, 1990 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის მიმართულებით 2009-2013 წლებში, ასევე, გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის კურსი თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA) 2012-2013 წლებში. იყო სხვადასხვა გამოფენების მონაწილე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ: ვილა არსონი (2013), კიევის ბიენალე (2015), სტამბოლის ბიენალეს პარალელური პროგრამა (2015); გამოფენა - “სპონტანური არქიტექტურა ”, Kunstfverein Leipzig (გერმანია) (2015); გამოფენა - “თავიდან”, გოხის მუზეუმი (გერმანია) (2017). ანამ ასევე მიიღო მონაწილეობა სამხატვრო რეზიდენციებში შვეიცარიასა და ნორვეგიაში. 2014 წელს გახდა წინანდლის პრემიის ლაურეატი სახვითი ხელოვნების მიმართულებით. ამჟამად სწავლობს School of Arts Ghent - ის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურაზე.

Date 26 დეკ, 2018

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close

Cart

No products in the cart.