ორგანიზაციის შესახებ

სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ 2017 წელს დაარსდა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც განვითარებადი ქვეყნის კულტურულ კლიმატში სისტემური ხედვისა და თანმიმდევრული მუშაობის საჭიროებას ხედავდა. „პროპაგანდამ“ მიზნად დაისახა არქივის შექმნით აღერიცხა, ხოლო კულტურული გაცვლითა თუ გაცნობიერებული პრაქტიკით გაეანალიზებინა ის უნიკალური ტოპოსი, სადაც ერთის მხრივ პოსტ-საბჭოთა ინერციაში შექმნილი დილეტანტური მცდელობები, დასავლურ სახელოვნებო სინტაქსზე ორიენტირებული ახალი ტრენდები და მეორეს მხრივ ისტორიულად მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა უჩვეულო ნაზავს და განუმეორებელ სამოქმედო არეალს ქმნიდა ხელოვნებისათვის.
ტრადიციულ საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობამ, კულტურული ინდუსტრიის განუვითარებლობამ, განათლებისა და დამუკიდებელი არტისტებისათვის მუდმივი სამუშაო სივრცეების სიმწირემ, მოიტანა გადაუდებელი მოთხოვნა შექმნილიყო ისეთი პლატფორმა, რომელიც მაქსიმალურად გააერთიანებდა არსებულ აქტივებს და დაუცენზურებელ, ცოცხალ დიალოგს აწარმოებდა ერთობლივი განვითარებისათვის.

მიმართულება

„პროპაგანდა“ ინერციული სვლიდან ამოსვლასა და გამბედავ, თამამ, გადაუდებელ მოქმედებას ნიშნავს. პროპაგანდა თავისუფალი და ზრდადი ქსელია, რომელიც თვითგამოხატვის სტიმულსა და შემოქმედებითი თავისუფლების ღირებულებებს „სასწრაფო წესით“ და ხმამაღლა ავრცელებს.
ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანებია ადგილობრივი სახელოვნებო სცენის განვითარება, თანამედროვე ხელოვნების ინდუსტრიის შექმნაში წვლილის შეტანა და მსოფლიოში არსებული აქტუალური გამოცდილებების ათვისება. საერთაშორისო სახელოვნებო ინსტიტუციებისა და მათ პოლიტიკურ სტრატეგიებზე მედიტაცია, მათი პრინციპების გააზრება და ადგილობრივ, უნიკალურ სივრცეზე მორგება. ხელოვნების კრიტიკის, კურატორული შრომის გააქტიურება და შესწავლა. თავისუფალი სახელოვნებო სივრცეების შექმნა, ადგილობრივი არტისტების ხელშეწყობა, აღმოჩენა და მათთვის არსებულ რესურსებზე წვდომის გახსნა. საბოლოოდ კი მოსახლეობაში შემოქმედებითი ცნობიერების ამაღლება და კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
პროპაგანდას მიაჩნია რომ დღეს თბილისი, როგორც გეო-პოლიტიკური სივრცე, იდეალურად ირეკლავს საერთაშორისო მოვლენებს და ამავდროულად, მათთან თვითდადგინებაში სრულიად ახალ მითებს, ნიშან-სისტემებსა და არტეფაქტებს ქმნის, ამიტომ ჩვენი მთავარი შემოქმედებითი ინტერესები კვლევაზე დაფუძნებული, საზოგადოებრივად ჩართული და ინტერდისციპლინური პროექტებია, რომლებიც მაქსიმალურად აირეკლავს ყოველდღიური ცხოვრების ასპექტებს და ჩვენი „დროის სულზე“ დაკვირვებით, ინოვაციულ შინაარსებს შექმნის.
პროპაგანდას აინტერესებს პროექტები და ნამუშევრები, რომლებიც კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს აღიარებულ სახელოვნებო გრამატიკას და შემოქმედებითობის არსს თავიდან იაზრებს, იქნება ეს ტრადიციული თუ ახლადშექმნილი ხელობები...მეცნიერება, ტექნოლოგია, ეკო-პოლიტიკა თუ საზოგადოებაში წარმოქმნილი ნებისმიერი წეს-ჩვეულება. ინტუიცია, სპონტანური კავშირები, საზოგადოება, ექსპერიმენტული მეცნიერება და თანამედროვე ფოლკლორი ის საკვანძო სიტყვებია, რომლებმაც ნებისმიერ სამუშაო მედიუმში შეიძლება გაიჟღეროს.
„პროპაგანდას“ ხელთ არსებული რესურსები და მიმდინარე აქტივობები:
#PropagandaArchive - თანამედროვე ხელოვნების არქივი და კვლევა.
2013 წელს, საინიციატივო ჯგუფმა ზაზა დარასელის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში დაფინანსება მოიპოვა პროექტზე, რომელიც ონლაინ არქივის შექმნას გულისხმობდა. არქივის საშუალებით 70-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ქართული ხელოვნების ნიმუშები გახდა ხელმისაწვდომი. დღეს უკვე პროპაგანდას განახლებადი და ღია არქივი დღემდე ვითარდება და იკვლევს ისეთ ნამუშევრებსაც, რომლებიც პრობლემური ისტორიის მანძილზე გაბნეულია ან არარეპრეზენტაბელურ ფორმაშია. არქივთან ერთად ხდება მიმდინარე სახელოვნებო პროცესების კვლევა/გაანალიზებაც.

Close

Cart

No products in the cart.